

26 ნოემბერს ეროვნულ სასახლეში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა, უსკოს წევრები და აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით დაწესდა და წელს პირველად აღინიშნა. მისი აღნიშვნის თარიღად 22 ნოემბერი შეირჩა, რადგან სწორედ ამ დღეს, 1918 წელს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დღევანდელი ეროვნული სასახლის შენობაში დაამტკიცა კანონი „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“. ამ კანონმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებას სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა.
ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციას პროფესიული დღე მიულოცა და მოქალაქეთა ნების ასახვაში მის როლზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების ორგანიზებასთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების, ცნობიერების ამაღლებას. მან საარჩევნო მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი შრომის მნიშვნელობაც გამოყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1918 წლის დებულებით განსაზღვრულ საყოველთაო, თანასწორ, პირდაპირ და ფარულ კენჭისყრაზე, აგრეთვე ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი ხმის უფლების მინიჭებაზე. ირაკლი კობახიძემ არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს საქმიანობის საფუძველია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ქმნის პირობებს, რათა ქვეყნის პოლიტიკური მომავალი თავად ამომრჩეველმა განსაზღვროს. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა არჩევნების ადმინისტრირებისა და ხალხის მიერ გამოხატული ნების ოფიციალურად ასახვის პასუხისმგებლობაზე. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ამ პროცესში თანამშრომელთა ცოდნის, გამოცდილებისა და შრომის მნიშვნელობაზე.
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ 22 ნოემბერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული დღეა. მან პროფესიული დღის დაწესების მნიშვნელობა დაუკავშირა ქართული საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნებას, საარჩევნო ისტორიის მომავალი თაობებისთვის გაზიარებასა და იმ ადამიანების შრომის დაფასებას, რომლებმაც საარჩევნო პროცესის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.
გიორგი კალანდარიშვილმა პროფესიული დღის საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების ორგანიზებასთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციის პრიორიტეტებს შორისაა საარჩევნო კულტურის განვითარება, ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებაზე ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია „1918 წლის დებულებიდან თანამედროვეობამდე“. პრეზენტაცია საქართველოს საარჩევნო სისტემის ისტორიულ განვითარებას, მის სამართლებრივ საფუძვლებსა და არჩევნების ადმინისტრირების პრაქტიკის ცვლილებას შეეხებოდა.
ღონისძიების ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის 49 საარჩევნო მოხელეს სპეციალური მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.