

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მორიგ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ ახალი კანონიდან გამომდინარე საარჩევნო პროცედურებს, ასევე არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობის, დამკვირვებელთა რეგისტრაციისა და მედიის აკრედიტაციის საკითხებს აწესრიგებს.
უსკო ეტაპობრივად აგრძელებს საკუთარი სამართლებრივი აქტების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.
დღევანდელ სხდომაზე მიღებული დადგენილებით განისაზღვრა მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესი. გარდა ამისა, განკარგულებით დამტკიცდა უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის განაცხადის ფორმა და უსკოში პარტიის რეგისტრაციის მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუში.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებით ასევე მოწესრიგდა არასაარჩევნო პერიოდში უსკოში მედიის, საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებლების საქმიანობასა და მონაწილეობასთან დაკავშირებული პროცედურები. კერძოდ, დადგინდა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწმობის ფორმა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარსადგენი განცხადებების, დამკვირვებელთა სიებისა და შესაბამისი ინფორმაციის ფორმები/შინაარსი, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობების ფორმები.
მიღებული სამართლებრივი აქტები ხელს შეუწყობს უსკოს საქმიანობის მკაფიო სამართლებრივ რეგულირებას, პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.