აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

24 ივლისის სხდომა
24 ივლისი 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც პირველად უძღვებოდა კომისიის ახალარჩეული თავმჯდომარე პაატა კეშელავა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს, მათ შორის უსკოს 7 დადგენილებისა და 4 განკარგულების პროექტი. აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტები მომზადდა უსკოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ ახალი კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, რომელიც უსკოს სამართლებრივი აქტების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.
უსკოს სამართლებრივი აქტების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანასთან ერთად, მიღებულ იქნა ახალი ნორმატიული აქტები, რომლებიც არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პროცესის მონაწილეთა უსკოში საქმიანობასა და უფლებამოსილებების განხორციელებას არეგულირებს.
მიღებულ იქნა უსკოს ახალი რეგლამენტი. ასევე განისაზღვრა არასაარჩევნო პერიოდში უსკოში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების რეგისტრაციის, აგრეთვე უსკოს სხდომების გადაღების მიზნით მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის სამართლებრივი პროცედურები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა, ასევე მედიის წარმომადგენელთა უსკოში საქმიანობის მარეგულირებელი წესების მიღება წარმოადგენს ახალი კანონით უსკოსთვის პირდაპირ განსაზღვრულ ვალდებულებას. აღნიშნული აქტების მიღებით უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი მოთხოვნების პრაქტიკული განხორციელება და არასაარჩევნო პერიოდში შესაბამისი პროცედურების მკაფიო სამართლებრივი რეგულირება.
დემოკრატიული არჩევნების ხარისხი დამოკიდებულია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ხარისხსა და სრულყოფილებაზე. სწორედ სამართლებრივი ბაზა განსაზღვრავს ადმინისტრაციის საქმიანობის წესს, უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების სამართლებრივ სიცხადეს, ერთგვაროვან ადმინისტრაციულ პრაქტიკასა და ინსტიტუციურ გამჭვირვალობას.
კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად 2026 წლის 1 სექტემბერია დადგენილი. სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტები აღნიშნული პროცესის პირველ ეტაპს წარმოადგენს. სამართლებრივი ბაზის ეტაპობრივი სრულყოფა კანონით განსაზღვრულ ვადაში გაგრძელდება და ხელს შეუწყობს უსკოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და გამჭვირვალე საარჩევნო ადმინისტრირების შემდგომ განმტკიცებას..

ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016