აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ახალი თავმჯდომარის, პაატა კეშელავას წარდგენის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
06 ივლისი 2026

2026 წლის 6 ივლისს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს უწყების ახალი თავმჯდომარე, პაატა კეშელავა წარედგინა.
თავის გამოსვლაში პაატა კეშელავამ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. მან აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა მისთვის განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც უსკოს გუნდთან ერთად ეფექტიანი, პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობით უპასუხებს.
ამავე გამოსვლაში ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უსკოს საქმიანობის პრიორიტეტი იქნება მაღალი ხარისხის საარჩევნო ადმინისტრირება, მაქსიმალური საჯაროობა და, კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა.
პაატა კეშელავამ ხაზგასმით განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი კაპიტალი საზოგადოების ნდობაა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, მიუკერძოებლობასა და პროფესიონალიზმს. მისი განმარტებით, სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით წარიმართება კომისიის საქმიანობა, ხოლო მედიასთან, საზოგადოებასთან და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილესთან ურთიერთობა დაფუძნებული იქნება ღია, გამჭვირვალე და თანასწორ კომუნიკაციაზე. უსკოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ორგანიზება და ჩატარება.

სიტყვით გამოსვლისას პაატა კეშელავამ განსაკუთრებული პატივისცემით აღნიშნა ყოფილი თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას მრავალწლიანი საქმიანობა და მნიშვნელოვანი წვლილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის განვითარებაში. ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, უფლებამოსილების გადაბარების დღევანდელი ფორმატი მაღალი ინსტიტუციური კულტურის თვალსაჩინო გამოხატულებაა, რომელიც ეფუძნება მემკვიდრეობის, უწყვეტობისა და დაგროვილი გამოცდილებისადმი პატივისცემას.
შეხვედრის დასასრულს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მან გამოთქვა რწმენა, რომ პროფესიონალიზმით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობლივი ძალისხმევით კომისია მომავალშიც ღირსეულად შეასრულებს მისთვის კანონით დაკისრებულ მნიშვნელოვან მისიას.

 

ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016