

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ადმინისტრაციის თანამშრომლები საარჩევნო ადმინისტრაციების მე-13 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც 17-18 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო უსკოს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ. კონფერენციის მთავარი თემა იყო - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“.
ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესებზე; დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკის გამოწვევა: მექანიზმები, გამომწვევი ფაქტორები და გავლენა; ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელების როლი საარჩევნო პროცესებში: შესაძლებლობები და რისკები; ინფორმაციისა და განათლების როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კონფერენციაში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.