(საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 44, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’მუხლი 50)
საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.
რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ უსკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა (21 ოქტომბერი - 18:00 სთ). განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები.
ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში განცხადებას უნდა ერთოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. მასში მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები. ორგანიზაციის აკრედიტაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო უსკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.
განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.
აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა პრესა/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.
კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი, აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის ასაკის პირი, რომელიც იმავდროულად არ შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/ სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს:
ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;
გ) მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;
დ) მოსამართლე;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
ვ) საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირი;
ზ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტი, მისი წარმომადგენელი;
თ) საარჩევნო კომისიის წევრი;
ი) დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი;
კ) სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.
მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:
თავისუფლად და დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას - გააშუქონ კენჭისყრის დღე, კენჭისყრის დღემდე პერიოდი და კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდი.
შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:
დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს;
კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში;
შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად, კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად, დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს კანონმდებლობითა და ცესკოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი.
მედიის წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ:
ჩაერიონ საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
აგიტაცია გაუწიონ ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ატარონ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; დაარღვიონ ამ კანონის სხვა მოთხოვნები.
საარჩევნო კომისიას/კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, მედიის წარმომადგენელი გააძევოს კომისიის სხდომიდან/საარჩევნო კომისიის შენობიდან. (საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-18 პუნქტი).
ყურადღება!
აკრედიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, (დედანთან შესაბამისი დასკანერებული და ხელმოწერილი PDF ფორმატში) უნდა წარმოადგინოთ უსკოს ადმინისტრაციულ მისამართზე (მის.: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის №2) ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართებზე.