უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) დღეს გამართულ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგებს და ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო 11-მა საარჩევნო სუბიექტმა. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 317 119. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 201 572 -მა ამომრჩეველმა. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი 5%-იანი ბარიერი გადალახა 5-მა საარჩევნო სუბიექტმა. ესენია:
N4- ,,კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა’’ -1 მანდატი; (16115 ხმა, 8.4%);
N5- ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა’’ -4 მანდატი; (27 369 ხმა, 14.26%);
N9- ,,ძლიერი საქართველო -ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის’’- 1 მანდატი; (12118 ხმა, 6.32%)
N-25 -,,გახარია საქართველოსთვის’’ - 2 მანდატი; (16 555 ხმა. 8.63%)
N 41 -,,ქართული ოცნება’’- 13 მანდატი; (110 232 ხმა. 57.45%).
საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას და ხელი შეუწყვეს პირველი მასშტაბური ტექნოლოგიური არჩევნების პროფესიულ გარემოში წარმართვას.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და მას გახსნის უსკოს თავმჯდომარე, რომელიც უმაღლეს საბჭოს აცნობებს არჩევნების შედეგებს და გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შესაბამისად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭო შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 21 წევრისაგან.