25 დეკემბერს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიამ აპარატის თანამშრომლებთან ერთად, 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და განკარგულებებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის ხარჯთაღრიცხვა და უსკოს ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო უსკოს 2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვას, რომლის სტრატეგიულ პრიორიტეტებს წარმოადგენს უსკოს ინსტიტუციური გაძლიერება, რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ამომრჩეველთა ინფორმირება.
2020 წლის უსკოს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად განისაზღვრა უსკოს თანამშრომელთა გადამზადება, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობა.
ამავე შეხვედრაზე შედგა ბროშურის პრეზენტაცია, რომელიც უსკოს 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოამზადა ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა. ის 2004-2019 წლების უსკოს მიერ გაწეული საქმიანობისა და ჩატარებული ოთხი არჩევნების ანგარიშს წარმოადგენს. საიუბილეო თარიღს უკავშირდებოდა წარმოდგენილი ფოტო-გამოფენა, რომელიც ასახავს გასული საუკუნის აჭარის არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს. გამოფენა მომზადდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქივიდან ამოღებული მასალების მიხედვით.