უმაღლესი საბჭოს არჩევნები მთელი აჭარის მასშტაბით უკვე დაიწყო. აჭარის ექვსივე საარჩევნო ოლქიდან შემოსული ინფორმაციით, არსებული 334-ვე უბანი 8 საათზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლებმა უკვე გააკეთეს არჩევანი. საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა კენჭისყრის პროცესმა შეუფერხებლად, სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩაიაროს, უბნები უზრუნველყოფილია ტექნიკური აღჭურვილობით, საჭირო რაოდენობის ბიულეტენებით, საკმარისი ოდენობის მარკირების სითხით, ასე რომ რაიმე სახის დაბრკოლებები ამ კუთხით ნაკლებად არის მოსალოდნელი, თუმცა შეფერხების ფაქტი თუ მაინც დაფიქსირდა, ამომრჩევლისთვის მუშაობს ცხელი ხაზი, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, გარწმუნებთ, ყველა ასეთ ინფორმაციაზე რეაგირება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება.
კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას აკვირდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები. 20-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე აჭარაში იმყოფებიან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისაკენ, გახსოვდეთ, რომ თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი.