დღეს საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობას იღებს, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.
საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა კენჭისყრის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად წარმართოს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 317 119 , რომელთა 95 % ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით მისცემს, ხოლო 5% ტრადიციული მეთოდით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული 317 საარჩევნო უბანი დილის 6.45 საათზე გაიხსნა. 8 საათიდან კი, დაიწყო კენჭისყრის პროცედურა. შეგახსენებთ, რომ რეგიონის ამომრჩეველი, საარჩევნო უბანზე მიიღებს ერთ ბიულეტენს, რომელზეც დატანილი იქნება ორი სვეტი, მწვანე სვეტი საქართველოს პარლამენტისთვის, ხოლო ყვითელი სვეტი უმაღლესი საბჭოსთვის. ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე.
საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს 11 საარჩევნო სუბიექტი.
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, არჩევნებზე დასაკვირვებლად, რეგისტრირებულია 7 სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება ამომრჩეველს შეუძლია უსკოს ცხელი ხაზის საშუალებით, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს (08 00 00 00 10).
საარჩევნო ადმინისტრაცია დღის მანძილზე, პერიოდულად, მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.