აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო საინფორმაციო აქციის კვირეული.
აქციის ფარგლებში, დღეს უსკოს წარმომადგენლები ეწვივნენ აჭარის რეგიონის საჯარო უწყებებს, კერძოდ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს.
შეხვედრაზე ამომრჩევლებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და ბიულეტენის ნიმუშები, რომელზეც ამომრჩევლებმა თავად გააფერადეს წრე. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ აჭარაში რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს ერთ ბიულეტენს, სადაც დატანილი იქნება ორი სვეტი, ერთი საქართველოს პარლამენტისთვის, მეორე კი უმაღლესი საბჭოსთვის. ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით ორივე სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი პარტიის წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე).
აღნიშნული აქცია ამომრჩევლებს დაეხმარება კენჭისყრის დღეს მომზადებული შეხვდნენ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას და სწორად შეავსონ ბიულეტენი.