დღევანდელ სხდომაზე უსკომ დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილა. განკარგულებით დამატებით განისაზღვრა ნარკოლოგიური შემოწმების უფლების მქონე დაწესებულებები უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის. 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო სუბიექტმა (უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა) არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (ბოლო ვადა -26 სექტემბერი) პარტიულ სიასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
დღესვე უსკომ მიიღო დადგენილება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მოხელეთა ეთიკის კოდექსის შესახებ, რომლის მიხედვით განისაზღვრა, რომ ცესკოს მიერ დამტკიცებული მოხელეთა ეთიკის კოდექსი გავრცელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაზეც. ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ასევე დადგენილებით განსაზღვრა უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურები და მიიღო განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო საბუთების სახეების დადგენის შესახებ.