26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 14 პარტიაა რეგისტრირებული.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (ბოლო ვადა). ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 21-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. პარტიული სიების წარდგენის შემდეგ კი დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.
პარტიულ სიას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი.
პოლიტიკურ პარტიებს შევახსენებთ, რომ უსკოში პარტიული სიები უნდა წარმოადგინონ მატერიალური სახით, დედანში. ასევე თან უნდა იქონიონ პარტიული სიის ელექტრონული ვერსია. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი პარტიული სია არ მიიღება.