27 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ - მინისტრის თანახელმოწერით გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად. მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი და ამოქმედდა რეგულაციები არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის.
დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც დეტალურად გაიწერა ყველა ვადა და პროცედურა არჩევნების გამოცხადების დღიდან არჩევნების შედეგების სრულ შეჯამებამდე.
კომისიამ განკარგულებით განსაზღვრა ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებები უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის. რომელთაც აქვთ ვალდებულება პარტიულ სიასთან ერთად წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. უსკომ დადგენილებით განსაზღვრა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესი საარჩევნო სუბიექტებისათვის.
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეიდან დაიწყო პარტიების რეგისტრაციის პროცედურები უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ 35-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. პოლიტიკურმა პარტიებმა 3 დღის განმავლობაში (30 აგვისტოს 18 საათამდე) განცხადებით რეგისტრაციის შესახებ უნდა მომართონ უსკოს თავმჯდომარეს.