აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის
22 აგვისტო 2024

21 აგვისტოს სხდომაზე უსკომ განკარგულებით მიიღო პარტიული სიების წარდგენის წესი 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 21-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი).

√ დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

სიახლეა ის რომ, არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიულ სიას წარდგენისას უნდა დაურთოს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე განსაზღვრა (დადგენილება №34/2024), რაც ხელს უწყობს პარტიებს გაითვალისწინონ და დროულად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები პარტიულ სიებთან დაკავშირებით.

პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიული სიითაცაა წარდგენილი, ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.

უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გარდა აღნიშნულისა, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

√ უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:
გვარი, სახელი;
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
სქესი;
მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება).
თანამდებობა(თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“).

სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:
გვარი, სახელი;
დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
სქესი;
მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება).
თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი“);
(საქმიანობა);
საქართველოში არანაკლებ 5 წლის ცხოვრების ფაქტი;
თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით;
ბოლო არჩევნებით უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის ფაქტი;
ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

რაც შეეხება პარტიათა რეგისტრაციას, შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. (30 აგვისტომდე).

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016