ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურად აცნობს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს. 10 ივლისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ყრუთა კავშირთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის - IFES საქართველოს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის მენეჯერმა, მირანდა ტყაბლაძემ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფიო სიჭინავამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ფატი ხალვაშმა და საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტმა, ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს.
შეხვედრაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობაზე. გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. საქართველოს ყრუთა კავშირის წევრებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. ასევე გავრცელდა არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში, რომელსაც თან ახლავს QR წამკითხველი, რომლის გამოყენებით ინფორმაცია მისაწვდომია ყრუ პირებისთვის ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში.