14 მაისს ალბანეთის რესპუბლიკაში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ცესკოს წარმომადგენლები და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დააკვირდნენ.
საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია არჩევნების მიმდინარეობას ორ ქალაქში, ელბასანში და დურესში აკვირდებოდა. მათ მონიტორინგი გაუწიეს, როგორც უბნების გახსნის, ასევე კენჭისყრის მიმდინარეობისა და ხმის დათვლის პროცესს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ილირიან ცელიბაშთან, რომელმაც მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების მზადებისა და კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.