აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ბრიფინგი 9:00 საათზე
21 ნოემბერი 2020

21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 28-ე ბათუმისა და 30 -ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელს - აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.
უკვე გახსნილია და ღებულობს ამომრჩევლებს 300 საარჩევნო უბანი აჭარის ორი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე (მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 1 უბანი პენიტენციურ დაწესებულებაში და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 20 სპეციალური უბანი, რომელიც ამომრჩევლებს 29 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება. არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 1454 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. აღნიშნულ სპეცუბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო გადასატანი ყუთების საშუალებით. ამ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფების მიერ.
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის 5 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 90 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად კი უსკოში აკრედიტაცია გაიარა 9 მედია საშუალების 91 -მა წარმომადგენელმა. მეორე ტურისათვის უსკომ, როგორც სადამკვირვებლო ისე მედიაორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს გაუგრძელა რეგისტრაცია/აკრედიტაციის ვადა.
არჩევნების მეორე ტურისათვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბნებზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უმაღლესი საბჭოს მეორე ტურისათვის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჯამში შეადგენს - 243 892 ამომრჩეველს.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის 4 კანდიდატი.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
მიუხედავად პანდემიისა, კენჭისყრის პროცესი უსაფრთოა. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება. ამასთან აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ხმის მიცემის განსახორციელებლად ესაჭიროება. ამომრჩეველი უბანზე დაიშვება პირადობის მოწმობით ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში. ასევე, მას უნდა ეკეთოს პირბადე. არქონის შემთხვევაში კომისია უზრუნველყოფს ამომრჩეველს პირბადით. კენჭისყრის შენობაში შესვლისას ამომრჩეველი გაივლის დეზობარიერს, და შემდგომ უკვე დაიმუშავებს ხელებს სპეციალური ხსნარით. ამომრჩეველს ორჯერ მოუწევს პირბადის მოხსნა - ნაკადის მომწესრიგებელთან და რეგისტრატორთან, რათა მოხდეს მისი იდენტიფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე საარჩევნო ბიულეტენი არ გაიცემა. ამომრჩეველს მიეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალამი, რომლითაც ხელს აწერს სამაგიდო სიაში და იგივე კალამს იყენებს კაბინაში ხმის მისაცემად, რის შემდეგაც უბანზე განთავსებულ დახურულ კონტეინერში ათავსებს მას და ტოვებს უბანს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც 21 ნოემბერს გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა; შესაბამისად საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.
საღამოს 20 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება უსკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება უსკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული შედეგების ბმულზე. (http://results2.sec.ge/).  ნებისმიერი სახის ინფორმაციას ამომრჩეველი მიიღებს უსკოს ცხელი ხაზის საშუალებით, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. (08 00 00 00 10). მთელი დღის განმავლობაში კი საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგი და მოგაწოდებთ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
შევახსენებთ ამომრჩევლებს,რომ არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან და ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის ნების დაუბრკოლებლად განხორციელებას.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016