6 სექტემბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესი საარჩევნო კომისია წინასაარჩევნო პერიოდისათვის პირველად სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ორგანული კანონის თანახმად, უსკოს 6 ძირითად წევრს პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული 6 დროებითი წევრი დაემატა, რომელთა უფლებამოსილების ვადა არჩევნების დანიშვნიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე განისაზღვრება.
კომისიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განკარგულებით განსაზღვრა პარტიული სიის ფორმა. პარტიული სიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი. საარჩევნო სუბიექტებმა უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინონ პარტიული სიები, რომლის შემდგომაც იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი. დღეს ასევე განკარგულებით დამტკიცდა ფორმები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებელთა რეგისტრაციისათვის. ვინაიდან ერთად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში, მას დამატებით უსკოში რეგისტრაცია არ მოეთხოვება. ამ შემთხვევაში მან განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს მდივანს და წარმოუდგინოს ცესკოში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას არ აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, მან სათანადო განცხადებით უნდა მომართოს საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (21 ოქტომბერი) და წარმოუდგინოს მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერი. ხოლო საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა (24 ოქტომბერი) და წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ უკვე კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (29 ოქტომბერი) უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირველებთა შესახებ მათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად. დღევანდელ სხდომაზევე კომისიამ მიიღო განკარგულებები: ,,საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და წევრთა შრომის ანაზღაურების გაცემისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ და ,,საწვავის ლიმიტისათვის ხარჯების გამოყოფის შესახებ’’.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის თანახმად, დღეს უსკომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით გამოაქვეყნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ოლქების მიხედვით 2020 წლის 15 ივლისის მდგომარეობით.