დასრულდა უსკოს საინფორმაციო-სასწავლო პროექტის ,,ჩემი პირველი არჩევნები“ მეორე ეტაპი. შეხვედრები ხელვაჩაურის რაიონის 15 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
ამ ეტაპისთვის სასწავლო პროექტმა უკვე აჭარის 39 საჯარო სკოლა მოიცვა, რომლის ფარგლებშიც X-XI კლასის 1000-მდე მოსწავლე გაეცნო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა არჩევნების სახეები და საქართველოს არჩევითი ორგანოები, საარჩევნო პრინციპები, საქართველოს არჩევნების მოკლე ისტორია, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ერთი ხმის მნიშვნელობა. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა.
პროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას.