აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 16 დეკემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
დადგენილებით განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი, რომლის მიხედვითაც აჭარის ა.რ უმაღლესი საარჩევნო კომისია ვალდებულია, პროპორციული წესით არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისათანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა კი კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით უნდა აცნობოს უმაღლეს საარჩევნო კომისიას უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის შესახებ თანხმობის ან უარის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. ადგილმონაცვლის მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით ცნობს მას ადგილმონაცვლედ და დაუყოვნებლივ აცნობებს აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს.