დღევანდელ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანი 8 ხმით სოფიო კახაძე გახდა. (განკარგულება N18) იგი უსკოს წევრად, უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 5 ივლისს აირჩია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი. რამაზ გოლომანიძემ 5 წევრის ხმა მიიღო. შეგახსენებთ, მდივნის ასარჩევად მინიმუმ 7 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.
დღესვე შეიქმნა 71-ე(ქობულეთი),72-ე(ხელვაჩაური) და 73-ე(ხულო,ქედა, შუახევი) მაჟორიტარული ოლქები,(განკარგულება N20) ასევე, განკარგულებით დადგინდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების ხელმოწერათა მინიმალური ოდენობა.(განკარგულება N21 დანართი) (71 ოლქი- 494 ხელმოწერა, 72 ოლქი – 483, 73 ოლქი - 519).
სხდომაზე ცვლილება შევიდა უსკოს რეგლამენტში.(დადგენილება N8) ამიერიდან უსკო ვალდებულია სხდომის გამართვის წინა დღეს გამოაქვეყნოს ინფორმაცია კომისიის ვებ-გვერდზე, დასაშვებია გამონაკლისი, რაც ინფორმაციის გავრცელებას 3 საათით ადრე ითვალისწინებს. გარდა ამისა, ცვლილების თანახმად თუ უსკოს სხდომას არ ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული სხდომის ჩატარების დროს.
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოსცა განკარგულება და დაამტკიცა უბნებსა და ოლქებში დამკვირვებლების მოწმობები, ასევე აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოწმობების ფორმები. ასევე განკარგულებით განისაზღვრა საჩივრების განხილვისას მომხსენებელთა სიტყვით გამოსვლის დრო.(განკარგულება N22 დანართი)