აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე „საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის“ (IRI) საქართველოს მისიის დირექტორს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ანდრეა ქერბსმა უსკოს თავმჯდომარეს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის შესახებ უამბო. „საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი“ გრძელვადიან დამკვირვებლებს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც ჩამოიყვანს. გარდა ამისა საუბარი შეეხო დამატებით, მოკლევადიანი დამკვირვებლების საჭიროებასაც. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დირექტორმა რეგიონში წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს. პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებისთვის, შესაბამისად უსკო მზადაა ითანამშრომლოს IRI-ს წარმომადგენლებთან.