უმაღლესი საარჩევნო კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. უსკოს წევრებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ოლქების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილია 6 საარჩევნო ოლქი. აქედან, სამი მაჟორიტარული ოლქი შეიქმნა ცესკოს, ხოლო სამი საარჩევნო ოლქი - საქართველოს პარლამენტის მიერ.
შესაბამისად, ამ დროის მდგომარეობით უმაღლესი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩაატაროს მხოლოდ ცესკოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.
სწორედ ეს საკითხი განიხილეს უსკოს წევრებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან იმაზე, რომ კომისიამ უნდა მიიღოს უფლებამოსილების ფარგლებში აღნიშნული დადგენილება და განსაზღვროს დარჩენილი სამი ოლქი, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საკითხზე უფრო მეტი მსჯელობაა საჭირო.
შეხვედრას უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების,“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.