25 აპრილს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მორიგი სხდომა. სხდომაზე მსჯელობა გაიმართა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელიც მიღებული იქნა 2007 წლის 18 აპრილს. ცვლილებების თანახმად, გაუქმებული იქნა საოლქო საარჩევნო კომისიები და უფლებამოსილება შეუწყდათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს. კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე უსკომ მიიღო დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის N3²დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’.
კომისიამ მიიღო დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ’’, რომელიც გამოწვეულია საოლქო საარჩევნო კომისიების გაუქმებით და განკარგულება ,,საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ’’, რომლის თანახმადაც უფლებამოსილება შეუწყდათ უსკოს მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს.
უსკომ მიიღო ასევე დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ’’. სხდომის დასასრულს კომისიის წევრებსა და უსკოს აპარატს მიეცათ წინადადება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონზე ინტენსიური მუშაობისათვის, რათა უმაღლესი საბჭოს 2007 წლის საშემოდგომო სესიაზე განსახილველად მომზადებული იქნას აღნიშნულ კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე კანონის პროექტი.